ბავშვობიდან მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, რამაც, ვფიქრობ, განაპირობა ჩემი პროფესიის არჩევაც. ყოველი დღე, რომელსაც ადამიანებთან კომუნიკაციის გარეშე ვატარებ, არის უფუნქციო და უინტერესო. პატარა რომ ვიყავი, მახსოვს, სოფელში ვაწყობდი ხოლმე კონცერტებს, გავთვლიდი ყველა დეტალს  და ვმართავდი წარმოდგენებს.  მაშინ ეს ყველაფერი ბავშვური გართობა იყო, თუმცა მახსოვს პასუხისმგებლობის გრძნობა, რასაც იმ დროს განვიცდიდი.  იმთავითვე მქონდა გათავისებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია  სტრატეგიული კომუნიკაცია, ანუ სწორი მესიჯის მიწოდება საზოგადოებისათვის.

სკოლა დავამთავრე ევროპაში, კერძოდ, საბერძნეთში,  რაც ძალიან დიდ კულტურულ გარდატეხასთან იყო დაკავშირებული. თბილისის საჯარო სკოლიდან უცებ თავი ამოვყავი ამერიკულ აკადემიაში, სადაც კლასელები სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ. ამას ისიც დაერთო, რომ მეგონა, ინგლისური კარგად ვიცოდი, მაგრამ პირველ დღეს, მე 9 კლასში, ბიოლოგიის გაკვეთილზე რომ აღმოვჩნდი, მივხვდი, თურმე ისე კარგადაც არ მცოდნია, როგორც მეგონა.

იყო ბევრი სირთულე, თუმცა ცხოვრებისეული გამოცდილება – ძალიან დიდი. პროფესიის არჩევას რაც შეეხება, ვფიქრობ, გამონაკლისი ვიყავი თანატოლებში, რადგან ზუსტად ვიცოდი, რა სფერო მაინტერესებდა – ეს იყო მარკეტინგი და კომუნიკაციები. საქართველოში რომ დავბრუნდი, მარკეტინგის ფაკულტეტი მხოლოდ ერთი-ორ უნივერსიტეტში არსებობდა და მეც დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტი. სწორედ იმ პერიოდში, საქართველოს ბანკში იყო კამპანია „სეკრეტ სანტა“, რაც ძალიან შთამბეჭდავი მეჩვენა, ვფიქრობდი, რომ ამ ორგანიზაციის კულტურა ძალიან ახლოს იყო ჩემს ბუნებასთან. ძალიან მინდოდა მუშაობა ისეთ პროექტებზე, როგორიც მაშინ სანტა იყო.

გავიდა რამდენიმე წელი და სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი საქართველოს ბანკის კომუნიკაციების გუნდში, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ  მთლად შემთხვევით! ღრმად მწამს, რომ ადამიანი მუდმივად ილტვის საოცნებო მიზნისაკენ! უკვე შვიდი  წელია ვმუშაობ საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდში, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე და მიხარია, რომ არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს ,  რომ ყოველი სამუშაო დღე უზარმაზარ სიამოვნებას მანიჭებს და მაბედნიერებს. ვფიქრობ, რომ სწორედ ასე უნდა შეარჩიო პროფესია -საქმე რომელიც გაინტერესებს და გამოგდის, სიამოვნებით აკეთებ, ბედნიერებას განიჭებს და შენი საქმიანობით მცირე წვლილი შეგაქვს სხვა ადამიანების კეთილდღეობაში.