საქმისმწარმოებელი

საქმისმწარმოებელი

საქმიანობის სფერო

 

ადმინისტრაციული პერსონალი

 

 

საქმინობის სახე

 

ტექსტური ინფორმაციის გაანალიზება და ორგანიზება, დოკუმენტბრუნვის ორგანიზება

ტექნოლოგიებთან მუშაობა

 

 

მოკლე აღწერილობა

 

საქმისმწარმოებელი არის სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზაციის დოკუმენტაციის მართვაზე, ადმინისტრაციულ პროცესებზე, ინფორმაციის რეგისტრაციასა და დოკუმენტაციის ნაკადების კონტროლზე.  ეს პროფესია მნიშვნელოვანი რგოლია როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის საქმიანობაში, რადგან უზრუნველყოფს კოორდინირებულ და გამართულ საოფისე საქმიანობას.

 

ნებისმიერი ორგანიზაციის ცხოვრება ასოცირდება უამრავ დოკუმენტთან, და თითოეულმა დროულად უნდა მიაღწიოს ადრესატამდე. სწორედ საქმისმწარმოებელია ვალდებული  უზრუნველყოს ინფორმაციის ნაკადზე კონტროლი, მოწესრიგება და ორგანიზება, რათა ორგანიზაციაში სამუშაო პროცესი არ გადაიზარდოს ქაოსში და სამუშაო პროცესს არ შეექმნას შეფერხება.

 

საქმისმწარმოებელი იღებს ორგანიზაციაში შემოსულ და მისგან გაგზავნილ კორესპონდენციას, აღრიცხავს, აარქივებს ან  აგზავნის საჭირო განყოფილებებში. ის აწარმოებს შიდა დოკუმენტების ჩანაწერებს და აკონტროლებს მათ მოძრაობას ორგანიზაციის მასშტაბით, აკონტროლებს დოკუმენტებში მოცემული ბრძანებების შესრულებას.

 

ასევე, საქმისმწარმოებელს  უნდა შეეძლოს ოფიციალური დოკუმენტების შედგენა არსებული შიდაგანაწესების თუ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით. ბოლოს გამოყენებული დოკუმენტები უბრუნდება კლერკს, რომელიც ახარისხებს მათ, ადგენს მათგან საქმეებს და ადგენს არქივში შენახვის ადგილს. იმისათვის, რომ დოკუმენტაცია მოწესრიგებული იყოს, საქმისმწარმოებელი ადგენს კარტოტეკას, რომ საჭირო დოკუმენტი ადვილად მოსაძიებელი გახდეს.

 

თანამედროვე სამყაროში საქმისწარმოება გაცილებით მარტივი გახდა და დიდი მოცულობის ინფორმაციის შენახვაა შესაძლებელი ციფრულ მეხსიერების ბარათებზე, თუმცა არის დოკუმენტების სახეობები, რომელიც მატერიულად დგება და ინახება კომპანიის თუ ორგანიზაციის არქივში.

 

 

სამუშაო ვალდებულებები:

 

  • დოკუმენტაციის რეგისტრაცია, შენახვა და მართვა – ორგანიზაციის შიდა და გარე დოკუმენტების ადმინისტრირება.
  • კორესპონდენციის მართვა – წერილების, მოხსენებების, ანგარიშებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტაციის მომზადება.
  • კანცელარიისა და ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია – ფაილების დალაგება, შიდა ინფორმაციის მართვა და განაწილება.
  • ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემების გამოყენება – თანამედროვე ორგანიზაციებში საქმისმწარმოებელი ხშირად მუშაობს ERP, CRM და სხვა მენეჯმენტის ციფრული პლატფორმებთან.
  • შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზება – შეხვედრების დოკუმენტაციის მომზადება, დღის წესრიგის გაწერა და პროტოკოლირება.
  • კადრების ადმინისტრირება – ზოგჯერ HR განყოფილებასთან თანამშრომლობა, თანამშრომელთა მონაცემების მართვა და შესაბამისი დოკუმენტების დამუშავება.
  • იურიდიული და რეგულაციური მოთხოვნების დაცვა – დოკუმენტაციის წარმოება კანონმდებლობის შესაბამისად.
  • კლიენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია – სხვადასხვა დეპარტამენტების ინფორმაციის მართვა და გადანაწილება.
  • ანგარიშგების მომზადება – ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების მომზადება დოკუმენტბრუნვის პროცესების შესახებ.
  • კონფიდენციალური დოკუმენტების დაცვა – ინფორმაციის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

 

 

განათლების მიმართულება:

ჰუმანიტარული მიმართულებები

 

 

უმაღლესი სასწავლებლები: დიახ

პროფესიული სასწავლებლები: დიახ

 

სად დავსაქმდები:

 

  • სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციები და საწარმოები
  • საგანმანათლებლო, სამედიცინო, კულტურული დაწესებულებები
  • არქივები
  • მომსახურების სერვისები
  • სამედიცინო ცენტრები

საჭირო კომპეტენციები:

 

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა – დოკუმენტაციის უზუსტობა შეიძლება სერიოზულ შეცდომებს იწვევდეს.
  • დროის მართვა – საქმისმწარმოებელმა უნდა შეასრულოს დოკუმენტებთან დაკავშირებული დავალებები ვადების დაცვით.
  • კომუნიკაციის უნარები – წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი, რადგან საქმისმწარმოებელი მუდმივად თანამშრომლობს ორგანიზაციის სხვადასხვა განყოფილებებთან.
  • სტრესის მართვა – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთდროულად რამდენიმე პროექტზე უწევს მუშაობა.
  • დისკრეტულობა და კონფიდენციალურობის დაცვა – საქმისმწარმოებელი ხშირად მუშაობს სენსიტიურ და კონფიდენციალურ მონაცემებთან.
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება – დოკუმენტაციის მართვისას საქმისმწარმოებელმა უნდა განსაზღვროს, რომელია პრიორიტეტული და როგორ უნდა შეინახოს ის.
  • ადაპტურობა და მოქნილობა – ტექნოლოგიებისა და რეგულაციების ცვლილების შემთხვევაში საქმისმწარმოებელმა სწრაფად უნდა აითვისოს ახალი მეთოდები.
  • გუნდურობა – საქმისმწარმოებელი მუშაობს სხვა ადმინისტრაციულ თანამშრომლებთან და საჭიროა ეფექტური კოლაბორაცია.
  • ტექნოლოგიური ცოდნა – Microsoft Office-ის და დოკუმენტბრუნვის ციფრული პლატფორმების ცოდნა აუცილებელია.
  • მაღალი პასუხისმგებლობა – დოკუმენტების სისწორე და მათი დროული დამუშავება საქმისმწარმოებლის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს.

 

 

 

პროფესიის დადებითი მხარეები:

 

  • მუდმივი მოთხოვნა– ნებისმიერი ორგანიზაცია საჭიროებს საქმისმწარმოებელს.
  • მოქნილობა – მცირე და საშუალო კომპანიებში საქმისმწარმოებელს შეუძლია იმუშაოს როგორც დისტანციურად, ისე ჰიბრიდულ რეჟიმში.
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა – შესაძლებელია დაწინაურება ოფის-მენეჯერის, ადმინისტრაციული დირექტორის ან არქივის მართვის სპეციალისტის პოზიციებზე.
  • სტრუქტურირებული სამუშაო გარემო – დოკუმენტებთან და ადმინისტრაციულ პროცესებთან მუშაობა მოითხოვს სისტემატურობასა და ორგანიზებულობას.
  • სხვადასხვა სექტორში დასაქმების პერსპექტივა – საქმისმწარმოებლებს დასაქმების შესაძლებლობა აქვთ როგორც საჯარო სექტორში, ისე კერძო კომპანიებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და არასამთავრობო სექტორში.

 

 

 

პროფესიის  უარყოფითი მხარეები:

 

  • მონოტონური სამუშაო – დოკუმენტებთან და ადმინისტრაციულ საკითხებთან მუშაობა შეიძლება ერთფეროვანი გახდეს.
  • მაღალი პასუხისმგებლობა – საქმისმწარმოებელი პასუხისმგებელია დოკუმენტების სიზუსტეზე, რაც შეიძლება სტრესული იყოს.
  • დიდი მოცულობის დოკუმენტაციის მართვა – დიდ ორგანიზაციებში საქმისმწარმოებელი მუშაობს დიდ მონაცემთა ბაზებთან, რაც დამატებით დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.
  • სწრაფი რეაგირება  ცვლილებებზე – სამართლებრივი აქტები, დოკუმენტბრუნვის წესები და ტექნოლოგიები ხშირად იცვლება, რაც საქმისმწარმოებელს ავალდებულებს მუდმივად განაახლოს ცოდნა.
  • კრეატიული მიდგომის შეზღუდულობა – პროფესია ძირითადად ტექნიკურ და ადმინისტრაციულ პროცესებს მოიცავს, რაც ნაკლებად აძლევს შემოქმედებითი მიდგომის შესაძლებლობას საქმიანობაში.

სად ვისწავლი?

ჩანაწერი ვერ მოიძებნა